8 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით კლინიკა “ნეოლაბი” საპროტესტო აქციის ყველა იმ მონაწილეს, რომელიც აქციაზე ცრემლმდენი აირით მოიწამლა და უგრძელდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, უფასოდ სთავაზობს კვლევებს, კერძოდ : ალერგოლოგ-იმუნოლოგის, პროფესორ, გიორგი კამკამიძის კონსულტაცია;გულმკერდის რენტგენოგრაფია, სპიროგრაფია.
“საპროტესტო აქციის ყველა იმ მონაწილეს, რომელმაც აქციაზე მიიღო ცრემლმდენი აირით ინტოქსიკაცია და უგრძელდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები:
▫️ ხველა;
▫️ სუნთქვის უკმარისობა;
▫️ ქოშინი;
▫️ მსტვინავი სუნთქვა;
▫️ ღამის ოფლიანობა;
▫️ თავის ტკივილი;
სამომავლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, კლინიკა ნეოლაბი უფასოდ სთავაზობს სპეციფიკურ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ კვლევებს, (გულმკერდის რენტგენოგრაფია, სპიროგრაფია და ალერგოლოგ-იმუნოლოგის, პროფესორ, გიორგი კამკამიძის კონსულტაცია). აქციაზე დაზარალებული პირების გამოკვლევა განხორციელდება 3 დღის განმავლობაში, 8 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით.
ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ კლინიკა ნეოლაბის ცხელ ხაზზე 032 2392803 / 032 2392896 / 032 2144447”,- აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.
- პროფესორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე “ბათუმელებთან” საუბარში აცხადებს, რომ გაზის კაფსულები რომლებიც გამოყენებული იყო აქციებზე, CN და CS გაზი.
„გაჟღერდა კოდირება იმ ჭურვების, რომლებიც გამოყენებული იყო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ერთ-ერთ ლაკრიმატორთან, როგორიც არის, მაგალითად, CN – გაზი, ის დიდი ხანია გამოიყენება.
CN – გაზი სხვადასხვა ქვეყანაშიც იყო გამოყენებული და მას აქვს ის გვერდითი მოვლენები, რასაც აღწერენ ჩვენი პაციენტები.
CS – გაზი გამოიყენება 1928 წლიდან და ბოლო პერიოდში სიკვდილის შემთხვევებიც იყო აღწერილი ამ გაზთან დაკავშირებით, როდესაც გამოიყენეს დარბევის დროს ეგვიპტეში. მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაზიანებები. ისე არ არის, ახლა რომ ცხადდება – დასაშვებია გამოყენებისთვისო.დასაშვებია მხოლოდ იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევებში და არა ისე, როგორც ჩვენ ვნახეთ, როგორც იქნა გამოყენებული ჩვენი დემონსტრანტების დარბევის დროს“, – გვიხსნის პროფესორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე.[…] მისი გამეორებით, განგრძობით გამოყენება ალყაშემორტყმული ადამიანების წინააღმდეგ შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულია. რასაკვირველია ის ადამიანები, რომლებიც ამგვარად იყენებდნენ ამ საშუალებებს, უნდა ექვემდებარებოდნენ სასჯელს, რომ აღარ გამეორდეს ამ საშუალებების გამოყენება.
უნდა აღინიშნოს, რომ CS გაზი მაგალითად სამხედრო ქმედებებშიც კი იყო აკრძალული, სპეციალური კონვენციაა ამასთან დაკავშირებით და მხოლოდ ეპიზოდურად გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში. ამ გაზის გამოყენება საქართველოს რეალობაში ნამდვილად დაუშვებელია”. ” – განმარტავს ალერგოლოგი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ 1 თვეა გასული გაზის კაფსულების გამოყენებიდან, მოქალაქეები რომლებმაც დარბევისას დიდი რაოდენობით ცრემლმდენი გაზი ჩაისუნთქეს კვლავ აღენიშნებათ მოწამვლის გარკვეული სიმპტომები. აქვე ალერგოლგი აზუსტებს, რომ ცრემლმდენი გაზი, გაზი არ არის, არამედ ფხვნილია რომელიც აეროზოლის სახით, გამოიფრქვევა ჭურვის ან კაფსულის გასკდომის დროს. მისი თქმით, ამ საშუალებების გამოყენება დამიზნებით არ შეიძლება, უნდა განარიდონ ადამიანები იმ ადგილს, სადაც გაიფრქვა, ასევე არ შეიძლება მისი გამოყენება დახურულ სივრცეებში და ა.შ.
- ”თითქმის 1 თვეა გასული პირველი გამოყენებიდან, მაგრამ კვლავ ვხვდებით გარკვეულ სიმპტომებს – ათეული შემთხვევა იყო მაგალითად პერსონალურად ჩემთან და გაცილებით მეტი მეკონტაქტება ელექტრონულად, ასევე – მირეკავენ. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ საგულისხმოა, მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენა, გახანგრძლივებული ხველა, მსტვინავი სუნთქვა, ასევე კუჭ-ნაწლავის აშლილობა… როგორც ჩანს, ეს არის ლორწოვანის გაღიზიანების გამო.სახეზე სიწითლე, გამონაყარი, გამონაყარი სხვა ადგილებში, რაც მოითხოვს ყურადღებას, განსაკუთრებით სასუნთქი გზების კვლევას.ვინც მომაკითხა, მათთან ვატარებთ რენტგენოლოგიურ კვლევას, ასევე სუნთქვის ფუნქციურ კვლევას, სპიროგრაფიას, სისხლის შედედების ფაქტორების კვლევას, კვლევას ღვიძლის ფუნქციების დასადგენად, ხომ არ არის ინტოქსიკაციის ნიშნები. გარკვეული მკურნალობა ინიშნება იმისთვის, რომ გამოსწორდეს ეს სიმპტომები, იგივე ცხვირის ლორწოვანის მოვლისთვის, სასუნთქი გზების ლორწოვანის, შეშუპების და სპაზმის სამკურნალოდ…” – ამბობს კამკამიძე.