აქციების დროს დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვეს

საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი გაიმართა – მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ისინი პატიმრობაში დატოვა.

  • “გადაწყვეტილება ისევ უკანონოა. სინდისის პატიმრები მოსამართლემ ციხეში დატოვა” – წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.

დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და შუამდგომლობას “ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხით” ასაბუთებდა. დაცვის მხარე მათ გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლე შვანგირაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობები გაიზიარა.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.