იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოს საპატრირქოს მოუწოდებს, აღკვეთოს ექიმების მიმართ დაწყებული კამპანია “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მიერ.
მმკ-მ, რომელიც გამოირჩევა ანტივაქსერული და დისკრიმინაციული განცხადებებით, 17 აგვისტოს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სასულიერო პირმა, დავით ისაკაძემ ბიძინა კულუმბეგოვი ნაცისტ ექიმს შეადარა.
“სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ, აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელისშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადმიანების სიკვდილში”,– წერს კულუმბეგოვი.
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამტკიცებს, რომ ექიმები ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იძულებით ცრიან.
“საკონცენტრაციო ბანკებში მოღვაწეობდა დოქტორი კულუმბეგოვი, ბოდიში, მენგელი, თუმცა რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?! მე მგონი, არაფრით. ის ადამიანი პატიმრებზე, უფლებააყრილ ადამიანებზე, მათი ნების საწინააღმდეგოდ ახორციელებდა ექსპერიმენტებს, როგორც აცრის სახით, ასევე სხვა სახით. რითი განსხვავდებით თქვენ, ის ადამიანები, თეთრ ხალათში იქნებით თუ მის გარეშე, რომლებიც ადამიანებს ართმევთ თავისუფალ ნებას და აიძულებთ, რომ აიცრას? არაფრით, იგივე ფაშისტები ხართ”,– ამბობს ისაკაძე ვიდეომიმართვაში.
აღნიშნულ მიმართვას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია საქართველოს საპატრიარქო.