ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილი მახარაზის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.
მისი თქმით, ქვეყანაში ისევ შერჩევითი სამართალია.
„მოსამართლეს ხმა უკანკალებდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მასზე შესაძლოა განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვაგვარი ზემოქმედება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ შერჩევითი სამართალია და ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები უწევთ იმის მტკიცება,რომ მათ ამ ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ”,– ამბობს კობაიძე.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვანაირად იმსჯელებს.
“რა თქმა უნდა, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ მათ შორის ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში და დარწმუნებული ვართ, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვაგვარად იმსჯელებს. მე არ მაქვს იმედი, რომ თბილისის სააპელაციო კოლეგია იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. საზოგადოებისა და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო და სამარცხვინოა ასეთ მოსამართლეებს,რომ ვხედავთ“, -განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.