აღმოჩნდა, რომ სამართალდამცავებს თამარ ბაჩალიაშვილი არც მოუძებნიათ – მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, სამართალდამცავები გოგონას გამოჩენას ელოდებოდნენ და ის არ მოუძებნიათ.

„დარწმუნებული ვარ უკვე იმაშიც, რომ ალბათ საგამოძიებო ორგანოებმა, რომლებმაც მიიღეს განცხადება, რომ ბავშვი არ ჩანდა ჩათვალეს, რომ ახალგაზრდა გოგოა, ეტყობა მანქანით გაისეირნა თავის მეგობრებთან და დაბრუნდება რამდენიმე დღეში. უბრალოდ გააკეთეს განცხადება, რომ ვეძებთ. ის 15 კილომეტრი მერე აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ. ელოდებოდნენ, რომ 2-3 დღეში ბავშვი დაბრუნდებოდა, აი ეს არის შედეგი”,– თქვა რამიშვილმა.

მისივე განცხადებით, სამართალდამცავების მოვალეობა იყო, ნებმისიერ შემთხვევაში მოეძებნათ დაკარგული გოგო.

“არ შეიძლება, როდესაც ხარ გამომძიებელი და პოლიციის თანამშრომელი უყურო ისე, რომ ბავშვი დაბრუნდება. თუ შენ პროფესიონალი ხარ, შენ თუ კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი თანამშრომელი ხარ, არ შეიძლება, შეფასება დაიწყო, რომ ახალგაზრდაა და მოვა, შენი ვალდებულებაა ნებისმიერ სიტუაციაში რეაგირება მოახდინო ისე, როგორც გევალება“, – განაცხადა რამიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა გამოძიება არ მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს და არაფერია იდეალურად.

“არ არის არაფერი იდეალურად. არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, ოჯახის წევრებთან გარკვეული ვაჭრობა განახორციელეს, გამოძიება არ მოიქცა ისე, როგორც იმ პერიოდში შვილდაკარგულ მამასთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა,”,– თქვა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.