თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აზერბაიჯანის და სომხეთისა ლიდერებს ესაუბრა და ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ პერიოდში გამწვავებულ დაპირისპირებაზე შეშფოთება გამოთქვა.
სალივანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისიტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს მას შემდეგ ესაუბრა, რაც სომხეთმა ბრალი დასდო აზერბაიჯანს, საზღვრის გასწვრივ ჯარების გაგზავნაში და ტერიტორიის დაკავების მცდელობაში.
აზერბაიჯანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მათი ჯარები მხოლოდ საზღვრის საკუთარ მხარეს იცავენ.
სალივანმა „ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო მოძრაობა არადემარკირებულ საზღვრებზე უპასუხისმგებლო და პროვოკაციულია“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა.
საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სალივანმა „მოიწონა მიმდინარე კომუნიკაცია ორ მხარეს შორის და ორივე ლიდერის ერთგულება საკითხის მშვიდობიანი გადაჭრისადმი“. სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა მხარეებმა ისაუბრონ მათი საერთაშორისო საზღვრის დემარკაციის საკითხებზე.
12 მაისს, ერევანმა ბაქოს ბრალი დასდო, რომ ამ უკანასკნელმა სიუნიქის პროვინციაში, სომხეთის ტერიტორიაზე 3.5 კილომეტრი სიღრმეში, ჯარი შეიყვანა და მომდევნო დღეს, საზღვარი კიდევ ორ ნაწილში დაარღვია.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მის ჯარებს საზღვარი არ დაურღვევიათ და მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არიან განთავსებული, რომლებიც ზამთრის თვეებში ხელმისაწვდომი არ იყო. ბაქომ ასევე განმარტა, რომ ეს საზღვარი ორ ქვეყანას შორის, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული დადგენილი არ არის.
სომხეთმა საკითხის განხილვა, რუსეთის თაოსნობით შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მოითხოვა.
სალივანმა გამოხატა ამერიკის მზაობა, რეგიონალური შერიგების პროცესში მიიღოს მონაწილეობა, ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში. შეერთებული შტატები, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის შექმნილი, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა რუსეთთან და საფრანგეთთან ერთად.
წყარო: ამერიკის ხმა