ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ რუსმა სპეციალისტებმა დაიწყეს წვრთნები ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების მართვის შესასწავლად.
CNN–ის ინფორმაციით, ამერიკელმა ჩინოვნიკმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, განაცხადა, რომ ეს არის მორიგი ნიშანი მოსკოვის განზრახვისა, უკრაინაში ომისთვის ეს დრონები შეიძინოს.
“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსებმა ტრენინგები ჩაატარეს ირანში რუსეთისთვის დრონების გადაცემის შეთანხმების ფარგლებში“–ციტირებს ტელეკომპანია ამერიკელ ჩინოვნიკს.
მისი თქმით, სადაზვერვო მონაცემები ამ ტრენინგების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი.
ამერიკული ტელეარხის მონაცემებით, ინფორმაცია ოფიციალური პირებისგან და გამოქვეყნებული თანამგზავრის ფოტოები მოწმობს, რომ ამ წლის ივნისიდან მოყოლებული რუსული დელეგაცია მინიმუმ ორჯერ ეწვია კაშანის აეროდრომს ირანის ცენტრალურ ნაწილში, რათა სამხედრო დრონების მუშაობა გამოეცადა.
საუბარია დრონებზე, რომელთა ბორტზეც მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტები მაგრდება.
ირანმა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება 2012 წლის ბოლოდან ააწყო. ნიმუშად, როგორც ამბობენ ამერიკული აპარატის – RQ-170 Sentinel–ის მოდელი აიღეს, რომელიც ირანელებმა ხელში ჩაიგდეს.
ივლისში აშშ–ს პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეკ სალივანმა განაცხადა, რომ თეირანი აპირებს რუსეთს ასობით მსგავსი დრონი მიყიდოს, რომელსაც რუსეთი უკრაინასთან ომში გამოიყენებს. ირანის ხელისუფლებამ ამის შემდეგ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში და არ აპირებს რუსეთს დრონები მიაწოდოს.
უპილოტო საფრენი აპარატები მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინა–რუსეთის ომში. მათი დახმარებით ხდება მოწინააღმდეგის პოზიციების განსაზღვრა, საარტილერიო ცეცხლის დამიზნება და კორექტირება, ასევე მაღალი სიზუსტის საჰაერო დარტყმების მიყენება.
ტელეარხი იხსენებს, რომ კიევმა სთხოვა აშშ–ს უფრო ძლიერი შემტევი დრონების გადაცემა, როგორიც არის მაგალითად GrayEagle, თუმცა ვაშინგტონმა ეს მოთხოვნა ჯერჯერობით არ დააკმაყოფილა, რადგან შიშობს, რომ მოსკოვი ამას მეტისმეტ ესკალაციად შეაფასებს.
ოფიციალურად რუსეთი კომენტარს არ აკეთებს ირანული დრონების შესაძლო შესყიდვაზე, თუმცა წყაროების ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს პუტინის თეირანში ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტის დროს.