აშშ-ის მოქალაქეებს დონეცკსა და ლუგანსკში ინვესტიციები აეკრძალებათ – თეთრი სახლი

აშშ-ის მოქალაქეებს დონეცკსა და ლუგანსკში ინვესტიციები აეკრძალებათ – ამის შესახებ, თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში აკრძალავს ახალ ინვესტიციებსა და ვაჭრობას ამერიკის მოქალაქეებისთვის.  განკარგულების მიხედვით, ამერიკას სანქციების დაწესება ნებისმიერი იმ ადამიანისთვის შეეძლება, ვინც ამ ტერიტორიებზე იმუშავებს.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია რომ  ეს განკარგულება არ არის იმ მკაცრი ეკონომიკური მექანიზმის ნაწილი, რომელსაც აშშ მის პარტნიორებთან ერთად ამზადებს. “რუსეთის მხრიდან საერთაშორისო შეთანხმებების ერთგულების დღევანდელი აღმაშფოთებელი დარღვევების საპასუხო დამატებითი ზომები მალე გამოცხადდება”.- წერია განცხადებაში.

„ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთის მხრიდან და მზად ვართ სასწრაფოდ ვუპასუხოთ. პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც კრძალავს აშშ-ის მიერ ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას უკრაინის დონბასის და ლუჰანსკის რეგიონში. პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება გავრცელდება ყველა იმ პირსა თუ კომპანიაზე, რომლებიც უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას გადაწყვეტს. სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში გაავრცელებენ დამატებით დეტალებს. ასევე მალე გავავრცელებთ ინფორმაციას დამატებითი ზომების შესახებ, რომლებიც დაკავშირებული იქნება რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დღევანდელ უხეშ დარღვევასთან.

გასაგებად რომ ვთქვათ: ეს ზომები განცალკევებულია იმ სწრაფი და მძიმე ეკონომიკური სანქციებისგან, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. მათ შორის – უკრაინასთან, შემდგომი ნაბიჯების თაობაზე და რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე ესკალაციის შესახებ,“- წერია თეთრი სახლის განცხადებაში.