აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ყაზახეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი  ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩადის, სადაც პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდება, ასევე შეხვდება ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ყაზახეთიდან ის მოგვიანებით უზბეკეთში გაემგზავრება.

მიუხედავად ხანგრძლივი კავშირებისა და რუსეთზე მრავალმხრივი დამოკიდებულებისა, ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მტკიცედ ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს უკრაინასთან რუსეთის ომში. გასულ ზაფხულს კი ყაზახეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინის გვერდით მჯდომმა, ღიად განაცხადა კიდეც, რომ მისი ქვეყანა არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. გასულ კვირას, გაეროს გენერალურ ასამბლეაში რეზოლუციაზე კენჭისყრისას , რომელიც  უკრაინიდან რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანასმ ოითხოვს, ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფომ  ხმის მიცემისგან თავი შეიკავა ან ადგილზე არ იყო.

ამავდროულად, ეს ქვეყნები სასარგებლო აღმოჩნდა რუსეთისთვის, როგორც შუამავლები დასავლეთიდან სანქცირებული საქონლის შეტანისთვის.

ვაშინგტონს სჯერა, რომ მას შეუძლია შესთავაზოს ცენტრალურ აზიას “რაღაც ეკონომიკური ჩართულობის სფეროში, მაგრამ ასევე ღირებულებების სფეროში”, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხებში დონალდ ლიუმ, რომელიც 2021 წელს ყირგიზეთში აშშ-ის ელჩად მუშაობდა.