აშშ ისრაელის მხარდასაჭერად ხმელთაშუა ზღვაში შეტევითი ავიამზიდების ჯგუფს აგზავნის

ისრაელში სიტუაციის გაუარესების გამო, შეერთებული შტატები აგზავნის Gerald Ford-ის შეტევითი ავიამზიდების გუფს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, განაცხადა პენტაგონმა.

ჯგუფში შედის შედის აშშ-ს საზღვაო ძალების ავიამზიდი USS Gerald Ford, Ticonderoga-ს კლასის მართვადი რაკეტების კრეისერი USS Normandy, ასევე Arleigh-Burke კლასის მართვადი რაკეტების გამანადგურებლები, სამხედრო ხომალდები Ramage, USS Carney და USS Roosevelt, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა

„ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები რეგიონში საჰაერო ძალების F-35, F-15, F-16 და A-10 გამანადგურებელი ესკადრილიების გასაძლიერებლად“, – დასძინა ლოიდ ოსტინმა.

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს დამატებითი დახმარება გაუგზავნა.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს მიაწოდეს ინფორმაცია ისრაელში მიმდინარე შეტაკებების შესახებ.

„თეთრი სახლის თანამშრომლები გააგრძელებენ მჭიდრო კონტაქტს ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან. ეროვნული უსაფრთხოების გუნდები თანამშრომლობენ ისრაელთან და მათ მოკავშირეებთან მთელს რეგიონში“, – განაცხადა აშშ-ს ადმინისტრაციამ.

აშშ-ის საელჩომ კაიროში გააფრთხილა ამერიკელები, რომ „გაძლიერებული ყურადღება მიაქციონ უსაფრთხოებას და მიიღონ ყველა ზომა“ ქალაქ ალექსანდრიაში ორი ებრაელი ტურისტის მკვლელობის შემდეგ.