შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. გადაწყვეტილება შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიული ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, – წერს შტატების ხაზინა.
განცხადებას აკეთებს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერიც, მეთიუ მილერი.
“აშშ ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, ქართული ოცნების დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. მისმა ქმედებებმა შესაძლო გახადა ადამიანის უფლებების დარღვევები და ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ”. – წერს აშშ-ს სახდეპის სპიკერი, მეთიუ მილერი.
გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული 14024-ე განკარგულების საფუძველზე.
ეს არის განკარგულება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა რუსეთის ფედერაციის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ“.
მასში ხვდებიან ისინი, ვინც „ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს და ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში“.
ამ საფუძვლით დაწესებული სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც.
ბიძინა ივანიშვილის ქონება, – Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, – 2024 წლის ბოლოსთვის $7.5 მილიარდს აღწევს, რაც მისი ქონების რეკორდული მაჩვენებელია.