აშშ–ს დემოკრატიულმა პარტიამ სენატზე კონტროლის შენარჩუნება მოახერხა: მედია ნევადის შუალედურ არჩევნებში დემოკრატი კეტრინ კორტეს მასტოს გამარჯვებას პროგნოზირებს. წარმომადგენელთა პალატისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დემოკრატი ჯო ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ კმაყოფილია არჩევნების შედეგებით.
CBS-ის პროგნოზის მიხედვით მასტომ, რომელიც ექვსი წლის წინ გახდა პირველი ესპანელი სენატში, დაამარცხა რესპუბლიკელი კანდიდატი ადამ ლაქსალტი, რომელსაც მხარს უჭერდა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ამრიგად, ამ დროისთვის დემოკრატებს სენატში 50 ადგილი აქვთ, რესპუბლიკელებს კი – 49 ადგილი.
ერთადერთი შტატი, სადაც კენჭისყრის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, ჯორჯიაა. იქ, 6 დეკემბერს, სენატის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
თუმცა, ჯორჯიაში რესპუბლიკელების კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, სენატში ხმების თანაბარი განაწილებით, დემოკრატებს უპირატესობას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, – დემოკრატი კამალა ჰარისის ხმა ანიჭებს.
სენატზე კონტროლის შენარჩუნება ნიშნავს, რომ დემოკრატებს კვლავ შეეძლებათ დაამტკიცონ ბაიდენის მიერ წარდგენილი კანდიდატები, მათ შორის ფედერალური მოსამართლეები, ოფიციალურ თანამდებებზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯო ბაიდენის პარტიის გამარჯვება სენატში, თუ გავითვალისწინებთ არა მხოლოდ მის დაბალ რეიტინგს, არამედ იმასაც, რომ შეერთებულ შტატებში ინფლაციის ამჟამინდელი მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ბოლო 40 წლის განმავლობაში – აღნიშნავს მედია. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკაში შუალედურ არჩევნებში ტრადიციულად ოპოზიციური პარტია იმარჯვებს, ეს არის საუკეთესო შედეგი ბოლო 20 წლის განმავლობაში – მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის პარტიამ 2002 წელს კონგრესის ორივე პალატაში გამარჯვება მოიპოვა.