აშშ-ს დაზვერვა ადასტურებს ბელორუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას – CNN

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ „არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს“ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაში, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტია ბელორუსიას გადაეცა. ამის შესახებ CNN დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

აღნიშნულია, რომ გასულ თვეში პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე პუტინმა განაცხადა, რომ პირველი ბირთვული ქობინი ბელორუსის ტერიტორიაზე იქნა გადატანილი.

აშშ და დასავლელი ოფიციალური პირები საჯაროდ არ ადასტურებენ, რომ ბელორუსს რაიმე იარაღი გადაეცა. მაგრამ აშშ-ს დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ანალიტიკოსებს “არ აქვთ საფუძველი ეჭვი შევიტანონ” პუტინის განცხადებებში და არ აქვთ საფუძველი ეჭვი შეიტანონ, რომ იარაღის გადაცემაში “გარკვეული წინსვლა არსებობს“.

ოფიციალური პირები არ ასახელებენ რატომ ფიქრობენ ასე. მათ აღიარეს, რომ აშშ-ს დაზვერვისთვის რთულია ამ იარაღის თვალყურის დევნება, თუნდაც სატელიტური სურათებით.

ამ თვის დასაწყისში აშშ-მა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს CNN-ს, რომ ბელორუსს, როგორც ჩანს, არ დაუსრულებია საჭირო საცავის განახლება ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესანახად და რომ ხელმისაწვდომი სატელიტური გამოსახულება არ აჩვენებდა მომზადების ან უსაფრთხოების ნიშნებს, რაც სტანდარტი იქნებოდა რუსული ბირთვული ობიექტისთვის. თუმცა, სხვა წყაროებმა განუცხადეს CNN-ს, რომ ბელორუსში არის საბჭოთა ეპოქის სხვადასხვა ობიექტები, სადაც შეიძლება იარაღის ნაწილი განთავსდეს.

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გასულ თვეში თქვა, რომ აგრესიის ფონზე რუსულ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა “ყოყმანის გარეშე”. თუმცა, აშშ-ს დაზვერვას არ სჯერა, რომ ლუკაშენკოს ექნება კონტროლი არსენალზე. ოფიციალური პირების თქმით, ის, სავარაუდოდ, მთლიანად რუსეთის მიერ იქნება კონტროლირებადი.

აშშ-ს დაზვერვას ასევე არ სჯერა, რომ იარაღის გადატანა ბელორუსიაში შეცვლის გლობალურ ბირთვულ ლანდშაფტს ან გაზრდის ბირთვული ინციდენტის რისკს, რადგან ისინი შეინახება საწყობებში და გაკონტროლდება რუსული ძალების მიერ.