აშშ-ს საელჩომ სასამართლოზე შეთანხმების პუნქტები ყვითლად მონიშნა და გამოაქვეყნა

აშშ-ის საელჩომ 19 აპრილის შეთანხმების პუნქტები, სადაც მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებაზეა საუბარი, ყვითლად მონიშნა და გამოაქვეყნა. ამით საელჩო გამოეხმაურა ქართული ოცნების თგადაწყვეტილებას მოსამართლეების არჩევის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

“19 აპრილს საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ “მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს”, მიიღებდნენ ყოვლისმომცველ და ინკლუზიურ სასამართლო რეფორმასა და ახალ კანონმდებლობას უზენაესი სასამართლოს ნომინაციების შესახებ”,– წერია საელჩოს განცხადებაში.

 

ცნობისთვის, შეთანხმების მიუხედავად, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ ჩერდება. ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.

ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს აქვს ინიციატივა, რომ თუ მმართველი ძალა მოსამართლეების დანიშვნას გააგრძელებს, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. მას ეთანხმებიან პარლამენტის ცალკეული დეპუტატები.

კელი დეგნანი და საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეაჩერონ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.