ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზრა ზეია 9-17 ივლისის პერიოდში თბილისსა და ერევანს ეწვევა. ის შეხვედრებს გამართავს, სადაც კვლავ გამოხატავს ამერიკის შეშფოთებას რუსული კანონისა და სხვა არალიბერალური კანონების მიმართ. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
“საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ს მძიმე შეშფოთებას “უცხოური გავლენის” შესახებ კანონის, ასევე სხვა არალიბერალური კანონების მიღებისა და საქართველოს მთავრობის დამაზიანებელი რიტორიკის გამო, რამაც საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია რისკის ქვეშ დააყენა. ის ცხადად ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რამდენად დააზიანა მთავრობის არადემოკრატიულმა ქმედებებმა და დეზინფორმაციამ ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ აშშ-სა და საქართველოს დიდხნიანი ურთიერთობა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ასევე ხაზს გაუსვამს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულებისა და საქართველოსთან 32-წლიანი პარტნიორობის მიმართ.
დამატებით, იგი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობის მნიშვნელობას და გამოხატავს პატივისცემას ფუნდამენტური თავისუფლებების, მარგინალიზირებული ჯგუფების წევრების დაცვისა და ყველა ქართველი ადამიანის უფლებების მიმართ. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია ასევე ესტუმრება სათემო ორგანიზაციას, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა ქალებმა დააარსეს და ხელმძღვანელობენ”. – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.