აშშ–ს გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, რომ კორპორაცია Apple რუსეთისა და აშშ–ს ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობს, ამასთან არ სურს დაეხმაროს ამერიკელ სამართალდამცავებს დამნაშავეთა დაკავებაში.
“Apple თანამშრომლობდა როგორც ჩინეთის კომპარტიასთან, ასევე რუსეთის რეჟიმთან მონაცემთა დამუშავების ცენტრების განთავსებით და მათი მთავრობების მხრიდან მასობრივი თვალთვალის უზრუნველყოფით“ – განაცხადა ბარმა ფლორიდაში მდებარე სამხედრო–საზღვაო ბაზაზე მომხდარი სროლის გამოძიების შედეგებზე საუბრისას.
“იყო ინფორმაცია, რომ Apple –მა iPhone–ის ფუნქცია და აპლიკაცია გამორთო, რომელსაც დემოკრატიის მომხრეები იყენებდნენ, და ამით ხელი შეუწყო ცენზურას და ჩაგვრას. თუ ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორი არის Apple, მზად არიან ავტორიტარული რეჟიმების მოთხოვნები შეასრულონ, მათ ბუნებრივია ვერ ექნებათ ახსნა, რატომ არ თანამშრომლობენ ისეთი ქვეყნების ხელისუფლებებთან, სადაც კანონის უზენაესობა, სამოქალაქო თავისუფლებები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია და სასამართლო გარანტიები არსებობს“–თქვა ბარმა.
კომპანია Apple უკვე ბვრი წელია უარს ეუბნება აშშ–ს ხელისუფლებას “ბექდორის“ მინიჭებაზე აიფონების გატეხვისთვის.
მაგალითად, სან ბერნარდინოში მომხდარი ტერაქტის განმახორციელებლის, საიედ ფარუქის iPhone 5S–ის გასატეხად ამერიკის ხელისუფლება 2015–2016 წლებში წარუმატებლად შეეცადა კომპანიისგან სასამართლოს გზით მიეღო უფლება. წარუმატებლობის შემდეგ კი დაახლოებით მილიონი დოლარი გადაუხადა უცნობ შემსრულებელს ამ საქმისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ტელეფონის გატეხვა. აშშ–ს ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტომ აღიარა, რომ ტერორისტის სმარტფონის გატეხვა დამოუკიდებლად ვერ შეძლო.
მიმდინარე დავის მიზეზი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2019 წლის დეკემბერში სტუდენტმა მოჰამედ საიდ ალშამრანმა სამი ადამიანი მოკლა და რვა დაჭრა ფლორიდაში მდებარე სამხედრო–საზღვაო აეროდრომზე. აშშ–ს ხელისუფლება თვლის, რომ ალშამრანი, რომელიც ადგილზე მოკლეს ტერორისტულ ორგანიზაცია ალ ქაიდასთან იყო დაკავშირებული. იანვარში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ Apple–ს მისი კუთვნილი iPhone–ის განბლოკვის მოთხოვნით მიმართა. კორპორაციამ განაცხადა, რომ გამოძიებას ყველა შესაძლო გზით ეხმარებოდა, გარდა აიფონისთვის “ბექდორის“ შექმნისა. ამავე დროს, როგორც ფორბსმა გაარკვია, ბიუროს ეფლის გარეშეც შეუძლია ბოლო ვერსიის ტელეფონის გატეხვა ამერიკული კომპანია Grayshift–ის მოწყობილობა GrayKey –ის საშუალებით.
ამის მიუხედავად, ამერიკის ხელისუფლება ცდილობს მიაღწიოს კორპორაციის მიერ ბექდორის შექმნას, რათა მოწყობილობებზე სწრაფი წვდომა ქონდეს.
აშშ–ს ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ Apple-მა განცხადება გაავრცელა:
“კლიენტებს იმედი აქვთ, რომ კომპანია საკუთარი ინფორმაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ერთერთი ხერხი, რომლითაც ამას ვაკეთებთ, ჩვენს სერვერებზე და მოწყობილობებზე საიმედო დაშიფვრაა. ჩვენ ერთი და იგივე iPhone-ს ვყიდით ყველგან და არ ვინახავთ კლიენტების პაროლებს, შესაბამისად არ შეგვიძლია მოწყობილობის განბლოკვა, რომლებიც პაროლით არის დაცული. მონაცემთა დამუშავების ცენტრებში ჩვენ დაცვის საიმედო საშუალებებს ვნერგავთ აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რათა ინფორმაციის დაცვა გარანტირებული იყოს და ჩვენს სისტემებში “უკანა ეზოები“ არ არსებობდეს. ყველა ეს მეთოდი თანაბრად გამოიყენება ჩვენს მიერ ყველა ქვეყანაში. “ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.