აშშ უკრაინას 31 აბრამსის ტანკს გადასცემს – Bloomberg

შეერთებული შტატების პრეზინდეტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში 31 ცალ M1 Abrams ტანკს აგზავნის. აღნიშნულ ინფორმაციას, Bloomberg-ის ჟურნალისტი ჯენიფერ ჯეიკობსი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი დახმარების პაკეტის ღირებულება 400 მილიონი დოლარი იქნება.

აქვე აღსანიშნავია, რომ დღეს, 25 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე ჯო ბაიდენი ბრიფინგს გამართავს სადაც სავარაუდოდ, გამოაცხადებს აბრამსის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გადაცემას.

განახლება : აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა რომ Abrams-ების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

  • “დღეს ვაცხადებ, რომ აშშ უკრაინაში 31 Abrams-ის ტანკს, ერთი უკრაინული ბატალიონის ეკვივალენტს გაგზავნის. ეს ნაბიჯი მდივანმა ოსტინმა შემოგვთავაზა, რათა გაძლიერდეს უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიის დაცვის შესაძლებლობა და მიაღწიონ სტრატეგიულ მიზნებს”. – თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ Abrams-ის ტანკები მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი, თუმცა რთული შესანახია და ამიტომაც უკრაინას შესაბამის ნაწილებსა და აღჭურვილობასაც გადასცემენ. ამერიკელები უკრაინელ ტანკისტებს გაწვრთნიან.

  • “საკუთარი ტერიტორიის გასათავისუფლებლად სჭირდებათ ბრძოლის ველზე რუსეთის ცვლადი ტაქტიკებისთვისა და სტრატეგიისთვის წინააღმდეგ მოქმედება, სჭირდებათ მანევრირების შესაძლებლობის გაუმჯობესება გაშლილ რელიეფზე და მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, რომ რუსეთის აგრესია შეაჩერონ და თავი დაიცვან დიდი ხნის განმავლობაში”. – თქვა ჯო ბაიდენმა.

აბრამსის ტანკები უკრაინისთვის

უკრაინისთვის ამერიკული ტანკების მიწოდების შესახებ მსჯელობა რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ M1 Abrams-ის შენარჩუნება რთულია, მათი გამოყენების სწავლის პროცესს დიდი დრო დასჭირდება და ეს ტანკები ასევე ბევრ საწვავს მოიხმარენ. რაზეც უკრაინამ უპასუხა, რომ დასავლური ტანკები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტ მობილურობასა და დაცვას გაუწევდნენ რუსეთის ახალი შეტევისთვის. ახალი ტანკები ასევე დაეხმარება რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას.

თუმცა, მას შემდეგ რაც გერმანია დათანხმდა თავისი საბრძოლო ტანკების უკრაინაში გადაცემას, თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ს ხელისუფლება ამზადებდა ოფიციალურ განცხადებას M1 Abrams ტანკების უკრაინაში მიწოდების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებული წყაროს თქმით, ეს იყო ურთიერთდაკავშირებული გადაწყვეტილებები.

ცნობისთვის, დღეს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.