ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველო კორონავირუსის პანდემიის დროს მოსახლეობის დახმარების პაკეტებით აშშ–სა და ევროპის ქვეყნებს არ ჩამოუვარდება და მათთან შედარებით “საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება”.
მინისტრის აზრით, წლების შემდეგ საქართველოს მიერ შემუშავებულ პაკეტებს მაღალი შეფასება ექნება.
“სავალუტო ფონდმა და ბოლო პერიოდში ჩატარებულმა ყველა კვლევამ ახსენა, რომ ამ მწირი რესურსებით, ამ პატარა, ღარიბმა ქვეყანამ რამდენად სწორად და რამდენად სამართლიანად გადაანაწილა რესურსი, იქნება ეს უშუალოდ პანდემიისგან ვინც დაზარალდა, უმუშევრად ვინც დარჩა, ფორმალურ-არაფორმალური სექტორი თუ სხვა. დენის ნაწილი იყო ინოვაციური, როდესაც ზუსტად გავედით შეჭირვებულ ფენაზე. ბიზნესისთვის როგორი დახმარება გავაკეთეთ…”,– ამბობს მაჭავარიანი.
მისივე განცხადებით, დიდი ბრიტანეთის დახმარების პაკეტზე გაეცინათ, რადგან თავად 1 კვირით ადრე დააანონსეს მსგავსი პაკეტი.
“შეიძლება აშშ და ევროპის ქვეყნები უკეთესს აკეთებენ თანხით, ზომით, მაგრამ არა იმ მიმართულებების აღმოჩენით რომლებიც ჩვენ გავაკეთეთ. შეგიძლიათ ნახოთ სტიმულირების პაკეტი, რომელიც კონგრესმა მიიღო, 600$-ს ურიგებს მოსახლეობის დიდ ნაწილს. შეგიძლიათ ნახოთ ინგლისმა რა გააკეთა გაზაფხულზე – ჩვენ როცა ვნახეთ, გაგვეცინა, ერთი კვირით ადრე გვქონდა დაანონსებული მსგავსი პაკეტი”,– თქვა მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე.
მინისტრმა საქართველოში უმუშევრად დარჩენილებისთვის 6 თვით 200–ლარიანი დახმარება აშშ–ში არსებულ დახმარების პაკეტს შეადარა და თქვა, რომ მათ ფონზე “სოლიდურად გამოვიყურებით”.
“ჩვენი ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ უკეთესი შეიძლებოდა. უკეთესი თანხობრივად? ზომით? კი ბატონო, მაგრამ რესურსი სხვა რესურსია როცა აშშ-ში 600$-ს არიგებენ, კი ბატონო, მეორედ, პირველად 1200$ დაარიგეს. ჩვენ 1200-იანს ვარიგებთ, ერთხელ ვქენით 6 თვის განმავლობაში. ეს არ არის პატარა ამბავი. ნუ გავიწყდებათ, რომ აშშ-ში დოლარი აქვთ და სარეზერვო ვალუტაა. პრაქტიკულად, მათი სივრცე არის შეუზღუდავი. ჩვენ არ გვაქვს ეგ, ამიტომ შევადაროთ, იმათთან შედარებითაც საკმაოდ სოლიდურად გამოვიყურებით”.