“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აცხადებს, რომ აწარმოე საქართველოში დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს.
”მიმდინარე წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ორჯერ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია სსიპ „აწარმოე საქართველოდან“ 2021-2023 წლებში დაფინანსებული საწარმოების შესახებ, მაგრამ საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღო.
კორუფციული რისკების მონიტორინგისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი საწარმოები დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გაგზავნილ პირველ წერილზე, სადაც დაფინანსებული საწარმოების ჩამონათვალს და გაცემულ თანხას ვითხოვდით, პასუხად კომპანიების ჯამური რაოდენობები და ჯამური თანხები მივიღეთ. ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია სახელმწიფო ბიუჯეტის ღია წყაროებიდან.
მეორე წერილი, ანალოგიური მოთხოვნით, მიმდინარე წლის 23 აპრილს მივწერეთ, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლამდე „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებული საწარმოების სია ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო. ინფორმაციის გაცემა 2021 წლიდან შეწყდა.
სახელმწიფო ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2021-2023 წლებში მეწარმეობის განვითარების პროგრამიდან, რომელსაც სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, 625 მლნ ლარი დაიხარჯა. უცნობია ეს თანხა ვინ მიიღო. 2024 წელს მეწარმეობის განვითარებაზე 300 მლნ ლარია გამოყოფილი”. – ნათქვამია, ორგანიზაციის განცხადებაში.