აჭარაში ოდნავ გამოჩნდა სტაბილიზაციის ელემენტი – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბათუმში სტაბილიზაციის ელემენტი გაჩნდა, ასევე მოსახლეობამ დაიჯერა, რომ ვირუსის სახლში მართვა კარგად მიმდინარეობს.

“აჭარაში ოდნავ გამოჩნდა უკვე სტაბილიზაციის ელემენტი, ყველაზე კარგი გახლავთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევები იზრდება, შემთხვევების ზრდის ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვქონდა პირველ დღეებში, ეს პოზიტივია.

ამავე დროს, არავითარი პანიკა უკვე არ არის – მოსახლეობამ დაიჯერა, რომ მსუბუქი და უსიმპოტომო შემთხვევების სახლში მართვა მიმდინარეობს კარგად, პირველადი ჯანდაცვის ექიმები უვლიან ამ ადამიანებს, არის მათთან სატელოფონო თუ პირადი კონტაქტი”,- აცხადებს გამყრელიძე.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა, 78 კი თბილისში. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა.