“დააბრუნეთ გაგდებული თანამშრომლები”, “ვითხოვთ ღირსეულ შრომით პირობებს” – ამ მოთხოვნებით აჭარის ტელევიზიის შენობის წინ ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ორგანიზებული აქცია მიმდინარებს. ტელევიზიასთან შეკრებილები არიან აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლები, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები.
“ჩვენ გვინდოდა მაუწყებლის შენობის წინ შევკრებილიყავით იმ ადამიანებთან ერთად, რომელთათვისაც ეს იდეა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით არის ისეთივე ღირებული, როგორიც ჩვენთვის, მაუწყებლის თანამშრომლებისთვის და ყოფილი თანამშრომლებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და პირველ რიგში, ამ აქციის მიზანია ფსიქოლოგიურად გავმხნევდეთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლები აქციის მიმდინარეობას შენობის აივნიდან უყურებენ.
“მაუწყებელში თანამშრომლების დევნა გრძელდება. დევნის ობიექტები ალტერნატიული პროფკავშირების წევრები ხდებიან. მათი დევნის მიზეზები, ძირითადად, აბსურდულია და, ზოგჯერ – სასაცილოც. მაუწყებლის თანამშრომლებს დევნიან კრიტიკული პოზიციების გამო. მენეჯმენტის მავნებლურ პოლიტიკასთან შეუგუებლობა ხშირ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვის ტოლფასია.
მაუწყებელში მიმდინარე პროცესმა ასევე ნათლად აჩვენა მრჩეველთა საბჭოს წევრების რეალური სახე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ნაცვლად, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება.
თუ ასე გაგრძელდა და დაოკების, გაჩუმების, კითხვების დასმის აკრძალვისა თუ სხვა მავნებლური მცდელობების წინააღმდეგ არ ვიმოქმედეთ, მაუწყებელში გაჩერება სამარცხვინო იქნება. სამარცხვინო იქნება გაჩერება იქ, სადაც პროფესიულ ღირსებას ფასი არ აქვს და მხოლოდ მლიქვნელობა, მედროვეობა და კონფორმიზმი ფასდება. ჩვენ არ ვართ ასეთები. ღრმად გვწამს, რომ ასეთები უმცირესობაში არიან, როგორც მაუწყებლის შიგნით, ასევე – საზოგადოებაში. მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობდით საზოგადოების მხარდაჭერას და მზაობას – დაეცვათ საკუთარი მაუწყებელი.
სწორედ ახლაა დრო, შევცვალოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლების სამსახურში აყენებს. მაუწყებელი ჩვენი საერთო სივრცეა, შესაბამისად, ჩვენი დასაცავია სახელისუფლებო თუ კომერციული გავლენებისგან. ასეთი მაუწყებელი გვჭირდება ჩვენ, როგორც ჟურნალისტებს და თქვენ – საზოგადოების თითოეულ წევრს” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში