გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ამბობს, რომ 2020 წელი მისი კანცლერობის 15 წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე მძიმე წელი იყო, თუმცა Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებამ 2021 წელი იმედის წლად აქცია.
ამის შესახებ კანცლერმა ნაციისადმი კანცლერის რანგში მის ბოლო საახალწლო მიმართვაში განაცხადა.
მერკელი, რომელიც გერმანიას არაერთი რთული პერიოდის დროს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ეს წელი ყველაზე მძიმე იყო:
“9 თვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და მე აღარ ვიყრი კენჭს. ასე რომ, დღეს ბოლოჯერ მოგმართავთ საახალწლო მიმართვით. ვფიქრობ, არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ: არასდროს ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ყოფილა მიმავალი წელი ასეთი მძიმე, და არასდროს, მიუხედავად ღელვისა და სკეპტიციზმისა, არ დავლოდებივართ ახალ წელს ასე მოუთმენლად და ასეთი იმედით.“
მერკელმა დაგმო ლოქდაუნის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა და თქვა, რომ ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს, როგორც კი ის ფართოდ გახდება ხელმისაწვდომი.
“შემიძლია წარმოვიდგინო, რა მწარეა მათი ყოფა, ვინც ახლობლები დაკარგა კორონავირუსის გამო, ან მათი მდგომარეობა, ვისაც დაავადების შედეგებთან უწევს ბრძოლა, მაშინ, როცა ზოგიერთი უიმედო ადამიანი ვირუსის არსებობას უარყოფს და არ აღიარებს. შეთქმულების თეორიები არა მხოლოდ ცრუ და საშიშია, ისინი ასევე ცინიკური და სასტიკიც არის. მე აუცილებლად ავიცრები, როცა ჩემი რიგი მოვა“– თქვა მერკელმა.