ქართული ოცნების ახალი დეპუტატი ელისო ბოლქვაძე 20 ივნისის მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ ახალგაზრდობა პარლამენტთან არ უნდა იდგეს და უნდა მეცადინეობდეს.
მისი თქმით, ახალგაზრდები პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ, გავრილოვი კი არაფერ შუაშია.
“მეუბნებით, რომ რაღაც საშინელება მოხდა? ვინ დათხარა [ახალგაზრდებს თვალები]? თქვენ თუ იცნობთ ისეთ დემოკრატიულ ქვეყანას, როდესაც შევარდებიან პარლამენტში და უნდათ… მოხდა შეტაკება, არ მოხდა? მე ვუყურებდი პარიზიდან ძალიან დიდ ღელვებს, ჯიკაობას. ახალგაზრდობა უნდა იყოს დაინტერესებული თავისი წინსვილით და უნდა იჯდეს, იმეცადინოს და წარმატებებს მიაღწიოს. გავრილოვი არაფერ შუაში არ არის. მე ვიცი, რომ ახალგაზრდები არ უნდა იდგნენ ამ დროს, ასეთი შესვლის და თავდასხმის და… გეუბნებით, პარიზიდან ვუყურებდი, როგორ შევარდა [პარლამენტში]. “,– ამბობს ელისო ბოლქვაძე 20 ივნისზე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. ასევე, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. საზოგადოების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში შესვლას და თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოჰყვა.