ახალგორელი პაციენტი ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას გარდაიცვალა

63 წლის ახალგორელი პაციენტი, ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას გარდაიცვალა.გარდაცვლილის ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი დროულად გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა დე ფაქტო რეჟიმმა პროცესი გაწელა და დაგვიანდა, ამის შესახებ,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ჯუმბერ მილაძე ახალგორიდან ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 19 მაისს, მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ კი, ნათესავებს მისცეს „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტის საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის ნებართვა.

როგორც ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, ახალგორელებისთვს შექმნილი პრობლემა არის კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ მოქმედებებს, რასაც საოკუპაცი რეჟიმი ახორციელებს.

„ძალიან სამწუხაროა და პირველ რიგში გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას ჯუმბერ მილაძის ოჯახის წევრების მიმართ, ახალგორელი 63 წლის მამაკაცის, რომელიც გუშინ ოკუპირებული ტერიტორიიდან წითელი ჯვრის მეშვეობით იქნა გადმოყვანილი და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში და რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა, რეალურად დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა. საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“, – აცხადებსს ქეთევან ციხელაშვილი, რომლის კომენტარსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.