ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად რიგგარეშე არჩევნები ერთადერთი გზაა.
“მე ნამდვილად მჯერა, რომ ახალი არჩევნების სწრაფად ჩატარება ერთადერთი გზა არის დაპირისპირების დასასრულებლად. ჩემი ყოფილი კოლეგები სახელმწიფო დეპარტამენტში და კონგრესის წევრები ეთანხმებიან ამას. შეიძლება მოხდეს მოლაპარაკება რიგგარეშე არჩევნებზე. ამერიკა არამხოლოდ მხარეებს უნდა დაეხმაროს, მივიდნენ რიგგარეშე არჩევნებამდე, არამედ იმის უზრუნველყოფაც უნდა მოხდეს, რომ ეს იყოს რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”,– ამბობს ბრაიზა ტვ პირველის ეთერში.
მისივე განცხადებით, მართალია, ამერიკის ოფიციალური პირები მას ეთანხმებიან, თუმცა ისინი ბალანსის დაჭერას ცდილობენ და ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ.
ბრაიზამ აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში რიგგარეშე არჩევნები პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის საშაულებაა.