“ახლა ამის დრო არ არის“– პოდოლიაკის რეაქცია არესტოვიჩის სურვილზე კენჭი იყაროს უკრაინის პრეზიდენტად

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა კომენტარი გააკეთა მისი კოლეგის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც 10 აგვისტოს თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებს. ინტერნეტ გამოცემა “ბაბელთან“ ინტერვიუში პოდოლიაკმა თქვა, რომ არესტოვიჩის პირადი სურვილების განხილვა ამ სიტუაციაში – იაფფასიანი აჟიოტაჟია, რაც უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკას არაფერს მატებს.

პოდოლიაკი თვლის, რომ სამხედრო ვითარებაში უადგილოა ცალკეული მოღვაწეების პოლიტიკური პერსპექტივების განხილვა.

“ბატონ არესტოვიჩს შეუძლია ნებისმიერი განცხადებები გააკეთოს. ეს მისი უფლებაა. განცხადებების გაკეთება – ეს უკრაინული ტრადიციაა. რაც შეეხება ოფიციალურ შეფასებას, თუ გნებავთ: მე საერთოდ ვთვლი, რომ დღეს ამა თუ იმ სუბიექტის პოლიტიკური პერსპექტივების განხილვის დრო არ არის“– თქვა მრჩეველმა.

პოდოლიაკი თვლის, რომ ამჟამად უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი ომის წარმატებით დასრულებაა, მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი კი სწორედ ის საკვანძო მენეჯერია, რომელიც ამ ვითარებაში სრულიად სწორად მოქმედებს.

“ჩემი აზრით, კითხვა, ზელენსკის მეორე ვადის შესახებ არ უნდა დაისვას. ანუ, ის უნდა წავიდეს მეორე ვადაზე, მოიგოს არჩევნები ომის შემდეგ იმისათვის, რომ ასევე ინტენსიური ტემპით ააშენოს ქვეყანა“–თქვა პოდოლიაკმა.

ამასთან, პოდოლიაკმა უარი თქვა შეეფასებინა არესტოვიჩის განცხადება და ხაზი გაუსვა, რომ ყოველ ადამიანს უკრაინაში აქვს უფლება ნებისმიერი საჯარო განცხადება გააკეთოს, თუმცა მისი აზრით, “მათი ხასიათი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აცნობიერებს ადამიანი ამ განცხადებების დროს, ადგილს და საკუთარ როლს ამ განცხადებებში.“

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა მისი მზადყოფნის შესახებ კენჭი იყაროს უკრაინის პრეზიდენტად. მისი თქმით, თუ პრეზიდენტი ზელენსკი მეორე ვადით საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებს, ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზელენსკი მეორე ვადაზე უარს იტყვის.