“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ დღეს რომ საარჩევნო პროექტი პირველი მოსმენით ჩავარდნილიყო, შანსი აღარ დარჩებოდა, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა შანსი, პოლიტიკურად თავი გადაირჩინოს.
“ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად, მთელ მის რეჟიმს, პოლიტიკურად უწონო ადამიანებს, კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, რომ თავიც გადაირჩინონ პოლიტიკურად, აქ არ ვგულისხმობ ძალაუფლების შენარჩუნებას, ეგ გამორიცხულია და ქვეყანას ნაკლები ზიანი მიაყენონ.
პირველი მოსმენის ჩავარდნა ნიშნავდა იმას, რომ შანსი აღარ ექნებოდა ამ პროცესს და მერე დაიწყებოდა თითების გაშვერა. ახლა თუ არ გამოუშვებენ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და თვითონ ჩააგდებენ მეორე ან მესამე მოსმენას, კიდევ უფრო დაზიანდებიან და კუთხეში იქნებიან მომწყვდეულები”, – ამბობს ბოკერია.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ხლა ბურთი მთლიანად ხელისუფლების მოედანზეა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა.
“ამიტომ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელშიც თვითონაც შედიან, ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა და მაშინ ჩვენც კიდევ ერთხელ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. შესრულდება შეთანხმება, შემდეგ შედარებით ნორმალური წინასაარჩევნო კამპანია გვექნება და მერე ყველა უნდა შეეგუოს ამომრჩევლების ვერდიქტს. ახლა ბურთი მთლიანად მათ მოედანზეა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ არ გვსურს, რომ მან საკუთარი თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც უმძიმესი შეცდომა დაუშვას. გააკეთოს ის, რაც ქვეყანას სჭირდება”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილების კონსტიტუციურ კანონის მხარი დაუჭირა, 5-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.