რუსეთში მომხდარ აჯანყებაზე, პუტინმა წინასწარ იცოდა, თუმცა გადამწყვეტი მოქმედება ვერ შეძლო – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Washington Post-ი სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ არეულობის დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფაქტობრივად “პარალიზებული” იყო და ვერ შეძლო გადამწყვეტი მოქმედებების მიღება. გამოცემა სტატიას უკრაინელ და ევროპელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემასთან საუბარში, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არეულობის დღის უმეტეს ნაწილში კრემლიდან ბრძანებები არ გაცემულა.
ამასთანავე გამოცემის ცნობით, უშიშროების სამსახურებმა პუტინი რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს, რომ კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი შესაძლო აჯანყებას აპირებდა. გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები უსაფრთხოების გასაძლიერებლად რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე, მათ შორის კრემლშიც, სადაც გაიზარდა საპრეზიდენტო გვარდიის პერსონალი და გაიგზავნა მეტი იარაღი, თუმცა აჯანყების დღეს არანაირი ქმედება არ განხორციელებულა.
- “ვლადიმერ პუტინს ჰქონდა დრო, მიეღო გადაწყვეტილება აჯანყებულების ლიკვიდაციისა და ორგანიზატორების დაპატიმრების შესახებ. როცა აჯანყება დაიწყო მოხდა პარალიზება ყველა დონეზე…იყო შეშფოთება და დაბნეულობა. დიდი ხნის განმავლობაში, მათ არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ”, – უთხრა გამოცემას ევროპიდან უშიშროების წარმომადგენელმა.
ამავე წყაროს განცხადებით, მკაფიო ბრძანებების გარეშე, ადგილობრივმა სამხედროებმა და უშიშროების ხელმძღვანელებმა დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ შეეჩერებინათ ვაგნერელები.
- “ადგილობრივი ხელისუფლება არ იღებდა ბრძანებებს ხელმძღვანელობისგან. ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის ყველაზე დიდი ნიშანი რუსეთის შიგნით არსებული არაჯანსაღი მდგომარეობისა. ავტორიტარული სისტემა ისეა ჩამოყალიბებული, რომ ხელმძღვანელობის მკაფიო ბრძანების გარეშე ხალხი არაფერს აკეთებს. როდესაც ხელმძღვანელობაში არეულობაა, იგივე სიტუაციაა ადგილობრივ დონეზე და კიდევ უფრო უარესი”, – ამბობს გამოცემასთან უკრაინის უსაფრთხოების მაღალჩინოსანი.