ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის ნიკოლოზ ფერაძის ინფორმაციით, ბაგებში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთს წვივის არეში, ხოლო მეორეს – ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.
ექიმის თქმით, დაშავებულებს ოპერაცია უტარდებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ორი საშუალო ასაკის მამაკაცი. ერთ- ერთ მათგანს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, მცირე წვივის ძვლის დაზიანებით. ის წაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ოპერაციული მკურნალობის მიზნით. რაც შეეხება მეორე მამაკაცს, მას აღენიშნებოდა მარცხნივ, ბარძაყის უკანა ზედაპირზე საშუალო ზომის ნაკვეთი ჭრილობა. მასაც ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდება. არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ნიკოლოზ ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან სროლა იყო. თვითმხილველის თქმით, ადგილზე 5 ავტომობილი იყო მისული, რომლებმაც გაისროლეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით – 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.