ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბათუმში სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობისთვის საჭირო ინვენტარზე 2021 წლის აგვისტოში 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, თუმცა ამ თანხით შეძენილ 4 500-ლარიან სკამებს განთავსებიდან მალევე ფერი გადაუვიდა.
“2021 წლის აგვისტოში ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 997,600 ლარს შეადგენდა და აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იყო ქალაქ ბათუმში სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობისა და შესაბამისი ინვენტარის განთავსებისთვის, როგორებიც არის სკამები, ძელსკამები და მაგიდები. თანხა მთლიანად 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
წინადადებების მიღება ტენდერის გამოცხადებიდან ზუსტად 1 თვეში დასრულდა, ამ პერიოდის განმავლობაში ტენდერს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ჰყავდა, შესაბამისად გამარჯვებული შპს გეოლოდი გახდა, რომელმაც შემსყიდველს იმდენივე თანხა შესთავაზა, რამდენიც ტენდერის სავარაუდო ღირებულება იყო. ხელშეკრულება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა, მიმწოდებელ კომპანიას დაკისრებული ვალდებულება 2021 წლის 10 დეკემებრის ჩათვლით უნდა შეესრულებინა”,– წერს GMC.
მათივე ცნობით, შესყიდვა ითვალისწინებდა რამდენიმე, ერთმანეთისგან მასალითა თუ ფორმით განსხვავებული სკამების შეძენას.
“მაგალითად, პარკში დაიდგა ბეჟი ქვისგან ჩამოსხმული სკამი, ბაზალტის ქვის გრანულებისგან ჩამოსხმული ზურგიანი სკამი, წითელი ქვის გრანულებისგან ჩამოსხმული სკამი, ბეჟი ქვისგან ჩამოსხმული პუფი, ზურგიანი სკამი “სმარტ,” ზურგიანი სკამი “სპრინგ” და სხვ. ერთეული სკამების ფასები 750 ლარიდან 4,800 ლარამდე მერყეობდა, თუმცა პარკში არა ერთი, არამედ რამდენიმე არის განთავსებული. მაგალითად, ყველაზე ძვირიანი სკამი, რომელიც პარკში დგას ზურგიანი სკამი “სპრინგ” არის, ერთი ცალის ფასი 4,800 ლარია, თუმცა პარკში ასეთი 60 ცალი დგას, შესაბამისად ჯამში მერიამ 288,000 გადაიხადა მხოლოდ ამ ერთი სახეობის სკამების შესაძენად.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული შავი სკამების, კერძოდ კი, ზურგიანი სკამი “სმარტის” ნაწილმა ფერი შეიცვალა წვიმისა და თოვლის გამო და შავი სკამები ნაწილობრივ გათეთრდა. აღსანიშნავია, რომ პარკში ამ სახეობის 50 ცალი სკამი დგას, თითოეულის ფასი 4,500 ლარია, გამოდის, რომ მერიამ 225,000 ლარი მიმწოდებელ კომპანიას გადაუხადა სკამებში, რომლემბაც წვიმისა და თოვლის გამო ფერი დაკარგეს და მათი ხელახლა შეღებვა გახდა საჭირო”,– აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.
მათივე ინფორმაციით, როგორც ყველა მსგავს ხელშეკრულებაში, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია საგარანტიო ვადა, რაც გულისმხობს, რომ საქონლის მიწოდებიდან 12 თვის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან, შესაბამისად, სკამების ხელახლა შეღებვა მიმწოდებელი კომპანიის ვალდებულებაში შედის და ამისთვის დამატებით თანხას სავარაუდოდ არ მიიღებს.
“თუმცა საინტერესოა, თუ სკამების განთავსებიდან მალევე რამდენიმე მათგანს ფერი გადაუვიდა, რაც მათ დაბალ ხარისხზე მიუთითებს, რამდენად არსებობს იმის გარანტია, რომ 12 თვის გასვლის შემდეგ შეძენილ ინვენტარს ხარვეზი კვლავ არ გაუჩნდება და ბათუმის მერია ამაში დამატებით თანხას არ გადაიხდის?
რაც შეეხება თავად კომპანიას, შპს გეოლოდი 2010 წელს დაარსებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერი 2019 წლით თარიღდება, ამონაწერის მიხედვით, კომპანიას ორი მესაკუთრე ჰყავს, რომლებიც თანაბრად ინაწილებენ 50-50%-იან წილებს, შოთა მიქელაძე და გიორგი ლომაძე. კომპანიის დირექტორის თანამდებობას კი გიორგი გოგიტიძე იკავებს.
კომპანია ტენდერებში 2011 წლიდან ჩნდება, მან 2011-2021 წლებში 54 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, 37 მათგანში გაიმარჯვა, 28 შემთხვევაში კომპანის კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია. საერთო ჯამში შპს გეოლოდმა 37 ტენდერში გამარჯვებით 4,544,921 ლარი მიიღო. კომპანიას გამარტივებული შესყიდვების გზითაც აქვს რამდნეიმე ხელშეკრულება გაფორმებული, რომელთა საერთო ღირებულება 1,170,593 ლარია”,– წერია ორგანიზაციის განცხადებაში.