ბათუმში “ლიბერთი ბანკიდან” თანამშრომლებმა 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს

ბათუმში “ლიბერთი ბანკიდან” თანამშრომლებმა 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს. „ლიბერთი ბანკი“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ თანამშრომლებს ედავება, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულებები უკვე შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” ავრცელებს.

საქმის მასალების მიხედვით, ბანკიდან 2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი ამერიკული დოლარი და 80 ათასი ევროა დაკარგული. სხვადასხვა ტრანზაქციით 37 პირის ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან თანხას 2015 წლიდან ითვისებდნენ.

არსებული ცნობებით, თანხა ძირითადად ბანკის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა მიითვისა, რომელიც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული. თუმცა საქმის მასალებში, რომელსაც ჩვენ გავეცანით, ამის შესახებ არაფერი წერია.

“ლიბერთი ბანკი” ითხოვს, რომ დაკარგული თანხა თანამშრომლებს დაეკისროთ, რადგან მიაჩნია, რომ ამ თანამშრომლების არასწორი მოქმედებების შედეგად დაკარგა ბანკმა მილიონები.