ბათუმში, კერძო სკოლა გაიხსნა, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან. ინფორმაციას ამის შესახებ, გაზეთი “ბათუმელები” ავრცელებს.
“ბათუმელები” აცხადებენ, რომ რუსული კერძო სკოლა მელიქიშვილის ქუჩაზე, №57ა-ში მდებარეობს. მისი დირექტორი ნატალია გეორგიევაა. სკოლა რუსულენოვან მოსწავლეებს პირველიდან მეშვიდე კლასამდე სწავლებას სთავაზობს.
გამოცემას სკოლაში მისვლისას განუცხადეს, რომ აღნიშნული სკოლის საქმიანობა რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი და სკოლის მოსწავლეებიც გამოცდებს დისტანციურად აბარებენ მოსკოვსა და პეტერბურგში. ასევე გვითხრეს, რომ თითოეულ კლასში 7, 8 ბავშვია, ხოლო სწავლა ბათუმში თვეში 750 ლარი ღირს, თბილისში – 800 ლარი.
ამასთანავე ამ რუსული სკოლის თბილისის ფილიალი წელს ანა პოლიტკოვსკაიას #6-შიც იხსნება.
- „ბავშვები ზუსტად იმ სასკოლო პროგრამას გადიან, რასაც რუსეთის სკოლებში სწავლობენ“, – ეუბნება „ბათუმელებს“ სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი.