უფლებამდაცველი, ბაია პატარაია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებს ბანერების გამო აკავებს. ბაია პატარაიამ “პუბლიკასთან” საუბარში განაცხადა, რომ პოლიციელმა უთხრა”პრემიერის შეურაცხყოფა აკრძალულია”.
” პოლიციელმა მითხრა პრემიერის შეურაცხყოფაო აკრძალულიაო.. სად წერია საერთოდ ეს რომ პრემიერის ან რომელიმე ადამიანის შეურაცხყოფა აკრძალულია. პოლიციელმა თქვა ეს. გამოვიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი და მითხრას სად წერია რომ პრემიერის თუნდაც შეურაცხყოფა არის აკრძალული. ეს არ არის შეურაცხყოფა, ეს არის პოლიტიკური სიტყვა, ყველაზე მნიშვნელოვნად დაცული უფლება.სარკაზმი იქნება, იუმორი იქნება თუ შეურაცხყოფა, რომელიც პოლიტიკური მესიჯის მატარებელია ეს უფლება დაცულია”. -განაცხადა ბაია პატარაიამ.
პარლამენტთან აქტივისტების დაკავება ბანერების გამო ამ დრომდე გრძელდება. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულები არიან, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე. ისინი მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს.
განახლება: შოთა თუთბერიძე, ხელწერილის საუფძველზე რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. თუთბერიძის თქმით, სამართალდამცველებმა შეადგინეს ოქმი, სადაც ჩაწერეს, თითქოს ის პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და აგინებდა, რაც ადვოკატის თქმით, სიცრუეა და თუ სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს, ამის დადასტურება მარტივია.როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, დაირღვა მისი უფლება და არ მისცეს დარეკვის საშუალება, ასევე ჩამოართვეს პირადი ნივთები.
“ავლაბარში როცა მოვედით ვიღაცამ დაურეკა, პოლიციელს ერთ ერთს ოფლმა დაასახა, მითხრა, რომ შენ განრიდებული ხარ დაკავებული არ ხარო, მომხსნა ბორკილები, ჩამოსმას აპირებდნენ სადღაც. მოვთხოვე რა კანონის საფუძველზე განრიდება, მითხრეს, რომ კონსტიტუციის საფუძველზე არის გაკეთებულიო, ამის შემდეგ, რადგან მე არ აღმოვჩნდი მორჩილი, რომელსაც გადასვამდნენ სადღაც ავლაბარში, მოვბრუნდით თავისუფლების მოედანზე, როცა გავჩერდით 5-10 წუთი ვიღაცეები მოვიდნენ, ვიღაცეებმა დაურეკეს და ამის შემდეგ თქვეს, რომ ახლა ნამდვილად დაკავებული ხარო, ხელმეორედ დამადეს ბორკილი. წამომიყვანეს შსს-ს მთავარ შენობაში, დაიწყეს ოქმის შედგენა, ჩამომართვეს ნივთები, დარეკვის საშუალება არ მომცეს ბოლო წუთამდე,მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი წარმომადგენელიც იყო მოსული. ოქმში ჩაწერეს, რომ გვაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და გაგვიწია წინააღმდეგობა, რა არის სიცრუე.” ამბობს თუთბერიძე.
თუთბერიძე კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ის შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი.
მშვიდობიან აქციაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარლამენტის კიბეებზე ბაანერით: “ირაყლი” იჯდა.