ბაიდენი ამბობს, რომ არ სჯერა ჰამასის ინფორმაციის დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობის შესახებ

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ არ ენდობა პალესტინის მხარის მიერ მოწოდებულ მონაცემებს ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, რომელიც ჰამასის ნაწილია, ისრაელის თავდასხმების შედეგად 7 ოქტომბრის შემდეგ დაიღუპა 6,500 პალესტინელი. ეს უწყება ღაზაში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყაროა და არ გვაწვდის დაღუპულთა სიებს ან ამ მონაცემების სხვა დადასტურებას.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა მსხვერპლის ასეთი რაოდენობა, რომელთა შორის ჰამასის ინფორმაციის მიხედვით დაახლოებით 2700 ბავშვია, რომ ისრაელი უგულებელყოფს აშშ-ს მოთხოვნებს პალესტინის ანკლავის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმიზაციის შესახებ.

„წარმოდგენა არ მაქვს, ამბობენ თუ არა პალესტინელები სიმართლეს იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა. ეჭვი არ მეპარება, რომ დაღუპულებს შორის არიან უდანაშაულო ადამიანები, მაგრამ ეს არის ომის დაწყების ფასი. ისრაელელები წარმოუდგენლად ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ფოკუსირდნენ ზუსტად იმ ბიჭებზე, რომლებმაც დაიწყეს ეს ომი ისრაელის წინააღმდეგ. და როდესაც ასე არ ხდება, ეს აბსოლუტურად არ შედის ისრაელის ინტერესებში. თუმცა, მე არ ვარ დარწმუნებული იმ ციფრებში, რომლებსაც პალესტინელები იყენებენ“, – დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.

ბაიდენს არ უსაუბრბია ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვის მიმართ სკეპტიციზმის მიზეზებზე.

ღაზადან საერთაშორისო მედიის ფოტოგრაფების მიერ გავრცელებულ სურათებზე ჩანს ბევრი დაღუპული და დაჭრილი, მათ შორის ბავშვები და მოზარდები, მაგრამ სურათები არ იძლევა წარმოდგენას მთლიანი შესაძლო რაოდენობის შესახებ და არც იმაზე, თუ რამდენი მათგანი მოხვდა ისრაელის დარტყმების ქვეშ და რამდენი დაიღუპა თავად პალესტინელების მიერ რაკეტების წარუმატებელი გაშვების შედეგად.

ჰამასი ამტკიცებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტია. ამავდროულად, დასავლელი დაზვერვის ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ, მაგალითად, ალ-აჰლის საავადმყოფოს მახლობლად პალესტინის რაკეტის დაცემის ინციდენტში, ჰამასის განცხადებები თითქმის 500 გარდაცვალების შესახებ, სავარაუდოდ, დაახლოებით ათჯერ იყო გაზვიადებული.

ისრაელის სამხედროები ამტკიცებენ, რომ მათი სამიზნე სამოქალაქო ობიექტები არ არის, და თუ საჭიროა ჰამასის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმა, რომელიც ხშირად მდებარეობს საცხოვრებელ უბნებში, ადგილობრივი მოსახლეობა წინასწარ გაფრთხილებას იღებს.