საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას საჯაროდ აღმოსავლეთ ევროპის ჯო ბაიდენს უწოდებდა. ამის შესახებ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
“არასდროს დამავიწყდება 2007 წელს, როდესაც ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა, მაკკეინმა პრაქტიკულად, დაგვგმო და თქვა, რომ მიშამ 7 ნოემბერს დაუშვა უხეში შეცდომაო. მაშინ ბაიდენი კენჭს იყრიდა პრეზიდენტად და დებატებზე თქვა, რომ კი შეიძლება, ვიკამათოთ, სააკაშვილმა დაუშვა თუ არა შეცდომა, მაგრამ მანდ რომ რუსეთი აფათურებს ხელს და რუსეთი რო უთხრის ძირსო, ამას რა წყალი გაუვაო. მერე, როდესაც 2008 წლის თავდასხმა მოხდა ჩვენზე, ობამამ პირველი განცხადება გააკეთა ძალიან ნეიტრალური, ეგრევე მისი რეიტინგი დაეცა ოთხი-ხუთი პროცენტით. ამასობაში ჩამოვიდა ბაიდენი, რომელიც ჯერ არ იყო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი, გადავეხვიეთ. მან ჩამოგვიტანა წინადადება მილიარდი დოლარის დახმარების, რომელიც შემდეგ განვახორციელეთ კიდეც. როგორც კი დაბრუნდა, რამდენიმე დღეში მას შესთავაზეს, ყოფილიყო ობამას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, გარკვეული ფაქტორი ამაში იყო მისი ოპერატიული და სწორი რეაგირება საქართველოზე. ამიტომ, მისი ბედი, გარკვეულწილად, საქართველოსთან არის დაკავშირებული, საქართველოს ბედი კი – მასთან. გარდა ამისა, ის იყო ძალიან ახლო მეგობარი ჯონ მაკკეინის, რომელიც იყო ჩვენი მთავარი დამცველი. ბაიდენი არის ადამიანი, რომელიც მე საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს. ამაზე დიდი კომპლიმეტი არ შეიძლება იყოს. ბაიდენი არის ადამიანი, რომელიც ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა „ვარდების რევოლუციას“ და მისთვის ფასეულობები ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს”, – განაცხადა სააკაშვილმა.