“ბანკებით“ სირბილს ურჩევია, “კოკაინს“ შეეშვას – კობახიძე გახარიაზე

ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ ნარკოტესტი იმ კლინიკაში გაიკეთა, რომელსაც პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება.

კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ გახარია ნარკომომხმარებელია და მას ურჩევს, “შეეშვას”.

„მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევის გარშემო. ეს არის ძალიან ცნობილი სკანდალი – იუშჩენკოს სკანდალი, როდესაც კლინიკის მთავარი ექიმი გადადგა თანამდებობიდან იმის გამო, რომ მენეჯმენტს დაუპირისპირდა. მენეჯმენტი მას სთხოვდა, კვლევის შედეგების გაყალბებას. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება ევროპულ კლინიკას და მაინცდამაინც ამ კლინიკაში გააგზავნა საკუთარი „ბანკა“, როგორც თავად ამბობს ხოლმე.

ბუნებრივია, ეს ყველაფერზე მეტყველებს. მაინცდამაინც ეს კლინიკა შეარჩია. ასეთი „ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას. ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი. დღეს ვსაუბრობდით ჯანდაცვის საკითხებზე – მის ჯანმრთელობაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ავსტრიაში გაკეთებული ნარკოტესტის კვლევის პასუხი საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა. მისი თქმით, ტესტი ვენის წამყვან ჰოსპიტალში, “RUDOLFINERHAUS” ჩაიტარა.