ბარაკ ობამას წიგნი “აღთქმული მიწა“ სავარაუდოდ წლის ბესთსელერი გახდება. აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის მემუარებმა უკვე დაამყარა რეკორდი. ასეულობით ათასმა ადამიანმა ჯერ კიდევ მის გამოცემამდე შეუკვეთა წიგნი. შედეგად, აშშ–სა და კანადაში სამშაბათს გამოსული წიგნის 887 000 ეგზემპლარი სხვადასხვა ფორმატში პირველივე დღეს გაიყიდა.
გამომცემლის – “Penguin Random House“–ის ინფორმაციით ეს არის პირველივე დღის გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი, რაც კი კომპანიის მიერ დღემდე გამოცემულ წიგნებზე დაფიქსირებულა.
ობამას წიგნს საგამომცემლო ინდუსტრია დიდხანს ელოდა.ექსპრეზიდენტის მემუარები გამოსვლამდე ყველაზე განხილვადი წიგნი იყო.
მხოლოდ აშშ–სა და კანადისთვის გამომცემლობამ 3.4 მილიონი სქელყდიანი ეგზემპლარი დაბეჭდა.
ექსპერტები წინასწარვე ვარაუდობდნენ, რომ მისი გაყიდვები ისეთივე მაღალი იქნებოდა, როგორც 2007 წლის ივლისში ჰარი პორტერის და სიკვდილის საჩუქრების უპრეცედენტო მაჩვენებელი.
ვაშინგტონში ერთ–ერთი წიგნის მაღაზია სამშაბათს გამთენიისასაც კი გაიხსნა, რათა ობამას წიგნის მომლოდინეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.
გამომცემლები ვარაუდობენ, რომ ობამას მემუარები სადღესასწაულო სეზონზეც გაყიდვების ჰიტი იქნება.