ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ჩვენებასაც გავეცანი და თვითმკვლელობას გამოვრიცხავ – რამიშვილი

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ თამარის ფსიქოლოგის ჩვენების გაცნობის შემდეგაც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

“ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ეს დღეები მაქვს საუბრები თამარის მეგობრებთან, ოჯახის ყველა წევრთან. მე პირადად, არა როგორც ადვოკატი, არამედ ჩახედული ამ საქმეში, ფსიქოლოგის ჩვენებასაც გავეცანი და თვითმკვლელობას გამოვრიცხავ”,– ამბობს რამიშვილი ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, შსს–მ ბაჩალიაშვილის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგი ჰყავდა და გარკვეულ კონსულტაციებს გადიოდა. 23 ივლისს, პრესკონფერენციაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ თქვა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებდა.

“ბავშვს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. რა თქმა უნდა, დეტალებზე, თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, დღეს ოჯახი მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და ამაზე საუბარი არ იქნება სწორი. არ დავუმძიმოთ მდგომარეობა. გიდასტურებთ იმას, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი, ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები”,– თქვა ჭელიძემ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ ის თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.