ბაჩალიაშვილმა საიდუმლო ფაილები გახსნა, რომელიც ქართველ მაღალჩინოსნებს ეხებოდა-ბაჩალიაშვილის მკვლელობის მოტივის ახალი ვერსია

23 წლის პროგრამისტის საეჭვო გრდაცვალების საქმეზე „შაბათის ფორმულას“ წყარომ საგამოძიებო უწყებიდან დაუდასტურა რამდენიმე დეტალი, რაზეც ამ დროისთვის გამომძიებლები მუშაობენ. წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, დილით, 10:15 წუთზე დაურეკეს. ზარი „ვოთსაფის“ საშუალებით განხორციელდა და გოგოს კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვეს.

ზარის ავტორს თამარი იცნობდა, რადგან იმ თემაზე, რაზეც შეეხმიანნენ, საუბარი ჰქონდათ გასული დღეების განმავლობაშიც. „შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც თამარ ბაჩალიაშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე.

რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა,  უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.

თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.

წყარო საგამოძიებო უწყებიდან „შაბათის ფორმულას“ უდასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა.

„შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს.

„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დეენემი.