ცოტა ხნის წინ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.
ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფი აცხადებს, რომ იგი საქართველოში იძულებით დააბრუნეს, სადაც მას “წამების საფრთხე ემუქრება.”
“გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 26 მაისს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების უშუალო რისკის წინაშე დგას. ბატონი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა საქართველომ პასუხი აგოს ბატონი ბაჩიაშვილის საქმეში განხორციელებული უკანონო ქმედებებისთვის, გააპროტესტოს საქართველოში სამართლიანობის მიმდინარე დამახინჯება და მოითხოვოს ანაზღაურება ბატონი ბაჩიაშვილის თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობისთვის”, – წერია განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გუშინ ანონიმური შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვითაც ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა”, – წერია განცხადებაში.