”ბაჩიაშვილის მშობლებზე დევნა მათ შვილზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენას ემსახურება” – ასე აფასებს, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.
“ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს პირადი მიზნებისთვის მართლმსაჯულების სისტემაზე საკუთარი უკანონო გავლენის ბოროტად გამოყენებას, რათა შური იძიოს ფინანსურ საკითხებში თავის ყოფილ მრჩეველზე, გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც, ივანიშვილის სახსრების ვითომდაც მითვისების და ფულის გათეთრების გამო, ციხეში 11 წლიან სასჯელს იხდის.
2025 წლის 29 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, მან დაიწყო გიორგი ბაჩიაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით.
პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რაშიც მას ვითომდაც მისი მშობლები დაეხმარნენ.
აშკარაა, რომ ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მათ შვილზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის განხორციელების მიზანს ემსახურება – ივანიშვილის ამოცანაა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მოიპოვოს ბაჩიაშვილისგან 8253 ბიტკოინის ღირებულების თანხა, რომლებიც, ივანიშვილის და ახლა უკვე სასამართლოს მტკიცებით, ბაჩიაშვილმა ივანიშვილისგან მიითვისა.
ამ მიზანს ბრალდების უსაფუძვლობაც ადასტურებს – ბაჩიაშვილის და მისი მშობლების ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარების ბრალდებას იმ ფაქტზე აფუძნებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა წლების წინ მშობლებს ბინა და 2 მანქანა უყიდა. გარდა იმისა, რომ შვილისგან საჩუქრის მიღება შეუძლებელია ე.წ. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებად იქნეს მიჩნეული, როგორც უწინ სხვა საქმესთან დაკავშირებითაც აღვნიშნეთ, თვით ბაჩიაშვილის მიერ ამ ნივთების შეძენა/ჩუქებაც არ შეიძლება ჩაითვალოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად, თუ ადგილი ჰქონდა მხოლოდ თუნდაც ე.წ. უკანონო შემოსავლის გამოყენებას და არა მისი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის და ა.შ. დამალვას ან შენიღბვას.
როგორც ადრეც ვიუწყებოდით, ბიძინა ივანიშვილმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა მთელი თავისი უკანონო ზეგავლენა სამართალდამცავ და მართლსამსაჯულების სისტემებზე, რათა მის ყოფილ უახლოეს მრჩეველს ფინანსურ საკითხებში მსჯავრი დასდებოდა ისეთი ვითომდაც ქმედებისათვის, რაც, საუკეთესო შემთხვევაში, სამოქალაქო დავის საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო.
შეგახსენებთ, რომ ბაჩიაშვილის დასჯის მიზნით ივანიშვილმა საქართველოდან გაქცეული ბაჩიაშვილი საქართველოს სპეცსამსახურებს, სავარაუდოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დახმარებით, უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან გაატაცებინა და საქართველოში ყოველგვარი კანონიერი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გვერდის ავლით ჩამოაყვანინა.
ხოლო, გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც გამოჩნდა, რომ ბაჩიაშვილი არ აპირებდა ივანიშვილისგან ვითომდაც მითვისებული თანხის ივანიშვილისთვის გადაცემას, იგი საკანში სასტიკად ცემეს. მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს, არსებობს ეჭვი, რომ ბაჩიაშვილთან ანგარიშსწორება სწორედ ივანიშვილის მითითებით მოხდა.
ბაჩიაშვილის მშობლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ივანიშვილის დავალებით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების სერიის გაგრძელებაა. სახელმწიფოს შურისძიება მშობლების მიმართ მათი შვილის მიერ ვითომდაც ჩადენილი უკანონო აქტის გამო ისეთი მოვლენაა, რასაც რუსეთის, ირანის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების, აგრეთვე 1920-1930-იანი წლების ბოლშევიკური რეჟიმის პრაქტიკაში თუ შეხვდებოდით”. – წერია განცხადებაში