ბახმუტთან უკრაინელების კონტრშეტევისას 72-ე ბრიგადის რუსული ნაწილები განადგურდნენ–უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 საჰაერო შემტევი ბრიგადის მეთაურმა ანდრეი ბილეცკიმ განაცხადა, რომ გუშინ, ბახმუტთან უკრაინის ჯარების წარმატებული ადგილობრივი კონტრშეტევის შედეგად, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს რუსული არმიის 72-ე ბრიგადის ნაწილებს.

საუბარია რუსეთის სახმელეთო ჯარების მესამე არმიის კორპუსის 72-ე მოტომსროლელ ბრიგადაზე, რომელიც  ორენბურგის რეგიონში 2022 წელს ჩამოყალიბდა.

ბილეცკის თქმით, „დივიზიის მე-6 და მე-8 ასეული მთლიანად განადგურდა ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობასთან ერთად“.

ასევე, ბილეცკის თქმით, ოპერაციის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ ჩაიგდეს  რუსი სამხედროების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ხოლო ვაგნერის  მე-3 შემტევმა რაზმმა მძიმე დანაკარგები განიცადა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იუწყება, რომ შეტევითი ოპერაციების შედეგად მთლიანად გაათავისუფლეს ტერიტორია 3 კმ სიგანესა და 2,6 კმ (1,6 მილი) სიღრმეზე, მაგრამ ამ ტერიტორიის ზუსტი კოორდინატები არ ვრცელდება.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ 72-ე ბრიგადის ჯარისკაცები გაიქცნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ბახმუტი რჩება უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ სექტორად, სადაც ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლია.