საპატრაიარქოს განცხადებით, 9 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
“ქალბატონმა ელჩმა მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 44-ე წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის როლს ქართველი ერის ცხოვრებაში, ერისა, რომელიც ისტორიულად მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური ქვეყანაა. “ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური”,- დასძინა მან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას უკვე მრავალი წლის ისტორია აქვს და ეს უნდა გაგრძელდეს. ამასთან ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ქართული კულტურის ძეგლების აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის”,- აცხადებს საპატრიარქო.
მათივე ცნობით, დეგნანმა აღნიშნა, რომ მათთვის დიდი პატივია, წვლილი შეიტანონ ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების გადარჩენაში, როგორებიცაა გელათისა და ჯვრის მონასტრები.