ბენეფიციარებს სათანადო დახმარებას ვერ ვაწვდით – სოციალური მუშაკები

”ბენეფიციარებს სათანადო დახმარებას ვერ ვაწვდით ”- სოციალირ მუშაკთა გაერთიანებაში ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე მწუხარებას გამოთქვამენ და სოციალური მუშაკების გაუსაძლის უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრობენ.

“დღესდღეობით არსებული რესურსებით ჩვენ არ შეგვიძლია საფუძვლიანად შევისწავლოთ თითოეული შემთხვევა, შევაფასოთ რისკები, დავგეგმოთ პრევენციული ან სარეაბილიტაციო მუშაობა. სისტემაში არის კადრების კრიტიკული დეფიციტი. სოციალურ მუშაკთა რაოდენობის გაზრდის ნაცვლად სისტემიდან რეორგანიზაციის საფუძვლით 2020 წლის იანვარში სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს 33 სოციალური მუშაკი. ამ დრომდე არ მომხდარა გათავისუფლებული კადრების აღდგენა. დღეს არსებული რიცხვი არ შეესაბამება სოციალური მუშაობის შესახებ კანონით აღებულ ვალდებულებებს. რის გამოც, თითოეულ სოციალურ მუშაკს უწევს საქმეთა გადაჭარბებულ რაოდენობაზე მუშაობა. ამ ეტაპზე არ გვყავს არცერთი ფსიქოლოგი, რომელიც რეაბილიტაციის კუთხით იმუშავებს ბენეფიციარებთან. თბილისის მასშტაბით მომუშავე ერთადერთი ფსიქოლოგი კი მუშაობს ოჯახურ დავებზე. ხოლო სხვა ბენეფიციარები ფსიქოლოგის მომსახურებას ვერ იღებენ სახელმწიფოსგან.

შესაბამისად, ვერ ხდება გართულებული შემთხვევების სიღრმისეულად განხილვა/გავლა
ჩვენთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს გადაადგილება. სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფა სოციალური მუშაკის სამუშაოს შესასრულებლად ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რათა დროულად და შეუფერხებლად მივიდეთ დახმარების მომლოდინე მოქალაქესთან. დღესდღეობით, გადასაადგილებლად გვჭირდება დიდი დრო და არსებული ერთადერთი მანქანა ვერ პასუხობს საჭიროებებს, მიუხედავად ამ საკითხის არა ერთხელ გაჟღერებისა, ხელმძღვანელი პირებისგან ადეკვატური პასუხი და გადადგმული რეალური ნაბიჯები არ გვინახავს.

ყოველივე აჩვენებს, რომ სოციალური მუშაკები ვიმყოფებით ქაოტურ მდგომარეობაში, ყოველდღიურად ვხედავთ, რომ მიმდინარე რეფორმები არათუ გვეხმარება ჩვენზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებაში, არამედ პირიქით. ამ რეფორმების დაგეგმვისას არ ყოფილა გათვალისწინებული პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების ექსპერტიზა და გამოცდილება, ასევე, არ იქნა გათვალისწინებული კადრების სიმწირე, არსებული სერვისების რაოდენობა და ხარისხი არ შეფასებულა სათანადოდ.

ვიმყოფებით პროფესიული და ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე, რაც ჩვენი შრომის ეფექტიანობას ამცირებს და სათანადო დახმარებას ბენეფიციარებს ვერ ვაწვდით”,- აცხადებენ სოც. მუშაკები.