საქართველოს საპატრიარქო მედიის კრიტიკით ეხმიანება თავკვეთულას მონასტერში ბერი იოანეს მიერ ჟურნალისტზე თავდასხმას. მათი თქმით, სიძულვილის ენით გამოირჩევა “მთავარი არხი,” “ტვ პირველი” და “ფორმულა”, “რომელთა ეთერითაც პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ მოწოდებებიც”.
საპატრიარქოს შეფასებით, აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპოდენტს, შემდეგ კი, კონტექსტიდან ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ, რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას.
საპატრიარქო ბერის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფას “გარკვეულ გადაცდომას” უწოდებს და აღნიშნავს, რომ მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება ეკლესიის მსახურებზე.
“ამ ჟურნალისტებს ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად სურთ აქციონ, ცალკეულ რელიგიურ სწავლებას პოლიტიკური განაცხადის სახე შესძინონ და ეს პრობლემების შექმნის მიზეზად წარმოაჩინონ. ამასთან, ისინი არ ერიდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეების კერძო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრასაც და უბრალო ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
უხეშად ირღვევა რა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, საჯაროდ კვლავ ხდება დემონსტრირება ფსიქოლოგიური ძალადობის და სამოქალაქო მშვიდობისათვის ხელის შეშლის, რაც საელჩოებისა და არასამთავრობო სექტორისთვის რატომღაც შეუმჩნეველი რჩება. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრიც, იმის ნაცვლად რომ იზრუნოს პროცესების ნორმალიზებისათვის, ტოლს არ უდებს მედიას ეკლესიის შეურაცხყოფასა და არეულობის შექმნაში.
ჩვენ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ; მივენდოთ ღმერთს, და მოთმინებით დავძლიოთ გამოწვევები”,– ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.
მართლმამიდებელი ეკლესია მოუწოდებს სასულიერო პირებს, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალიტებთან კომუნიკაცია.
“მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება”,– აღნიშნავს საპატრიარქო.