58 წლის ბრიტანელს,დევიდ ბალანტინ სმიტს ბრალი წაუყენეს გერმანიაში ბრიტანეთის საელჩოში მომუშავე პირების შესახებ ინფორმაციის გადაცემაში რუსეთის ჩინოვნიკებისა და სადაზვერვო სააგენტოებისთვის, და დამატებითი ინფორმაციის შეგროვებაში საელჩოს საქმიანობის შესახებ.
ლონდონის ოლდ ბეილის ცენტრალურ სისხლის სამართლის სასამართლოში სასამართლო სხდომა, რომელზეც მან დანაშაული აღიარა, 4 ნოემბერს გაიმართა, მაგრამ ამ მომენტამდე მოქმედებდა სასამართლო აკრძალვა პრესისთვის დეტალების გამჟღავნებაზე.
დეივ სმიტი 2021 წლის აგვისტოში ბრიტანეთისა და გერმანიის სადაზვერვო სააგენტოების ერთობლივი ოპერაციის დროს დააკავეს. დაკავების ინიციატორი იყო ბრიტანული კონტრდაზვერვა MI5, რომელმაც გაარკვია, რომ სულ მცირე 2020 წლის ნოემბრიდან სმიტი საიდუმლო მასალებს გადასცემდა რუს სამხედრო ატაშეს გერმანიაში.
აპრილში იგი ექსტრადირებული იქნა დიდ ბრიტანეთში, სადაც ვესტმინსტერის მაგისტრატურ სასამართლოში (პირველი ინსტანციის სასამართლო) წინასწარ სხდომაზე მან უარი თქვა დანაშაულის აღიარებაზე. ამის შემდეგ საქმე გადაეგზავნა ლონდონის სიტის სისხლის სამართლის სასამართლოს, ხოლო თავად ბრალდებული აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე ბელმარშის ციხეში გადაიყვანეს.
Sky News-ის ცნობით, სხვადასხვა ადამიანებთან საუბარში სმიტმა არაერთხელ თქვა, რომ სძულს დიდი ბრიტანეთი და გერმანია, ასევე გაღიზიანება გამოავლინა იმის გამო, რომ ცისარტყელას დროშები, ლგბტ თემის სიმბოლო, ყველგან ჩანს ევროპაში.
ზოგიერთი ჟურნალისტისა და ექსპერტის აზრით, რომლებიც სასამართლო პროცესს ადევნებდნენ თვალყურს, მისი აღიარება დანაშაულის რვავე პუნქტში, ოფიციალური საიდუმლოების აქტის მიხედვით, საკმაოდ მოულოდნელი იყო.
საქმის მასალებში ნათქვამია, რომ სმიტმა გააკეთა ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერების ასლები, შეაგროვა ბრიტანელი აგენტების პირადი მონაცემების საიდუმლო დოსიე, დოკუმენტები საელჩოს მუშაობაზე და ჯამში რუსული დაზვერვისთვის საჭირო უამრავი საიდუმლო დოკუმენტი შეაგროვა.
მის მიერ შეგროვებული მასალები შეიცავდა ინფორმაციას ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმიანობის შესახებ, ინფორმაციას მათი პიროვნების შესახებ, მისამართებს და ტელეფონის ნომრები.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულმა ეს ყველაფერი რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს გადასცა.
ამავდროულად, ცნობილია, რომ სმიტი ბრიტანეთის საელჩოში დაცვის თანამშრომელად მუშაობდა, ამიტომ ჯერ არ არის ნათელი, თუ როგორ მიიღო მან საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა.
არაერთი წყაროს ცნობით, ის არ იყო ლონდონიდან გერმანიაში გაგზავნილი საელჩოს დიპლომატიური პერსონალის შემადგენლობაში, არამედ დგილზე დაიქირავეს დაცვის თანამშრომლად.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, მიიღო თუ არა მან რუსებისგან რაიმე ანაზღაურება თავისი საქმიანობისთვის და თუ ასეა, კონკრეტულად რა და რა ოდენობით.
ბოლო წლებში სმიტი პოტსდამში ცხოვრობდა. სწორედ აქ დააკავეს ის საკუთარ ბინაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების ოპერაციის მომზადებას რამდენიმე კვირა დასჭირდა.
Sky News-ის ცნობით, ჩხრეკისას პოლიციამ 800 ევრო ნაღდი ფული აღმოაჩინა, რომლის წარმომავლობაც სმიტმა ვერ ახსნა. მის კომპიუტერში ასევე იპოვეს ელ.წერილი და დოკუმენტები მონიშნული როგორც “საიდუმლო”, როგორც ჩანს, რუსი აგენტებისთვის გადასაცემად.
Guardian-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სმიტის ბინა სავსე იყო რუსული სიმბოლოებით. რუსეთის დროშები, სსრკ-ს სამხედრო ატრიბუტები, შავი ზღვის ფლოტის ქუდი და ფინჯანი ნოვოროსიის დროშით მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც ჩხრეკისას აღმოაჩინეს.
დევიდ სმიტის მეზობლების თქმით, ის განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა და იშვიათად ესაუბრებოდა ვინმეს.