ბიტკოინი–მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, და როგორც აქამდე ითვლებოდა, ყველაზე საიმედო კრიპტოვალუტა შაბათს ბოლო 1.5 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა და ახლა 20 ათას დოლარზე ნაკლები ღირს. რაღაც მომენტში ის 18 993 დოლარადაც ივაჭრებოდა, ანუ მისი ღირებულება 59%–ით დაეცა. მხოლოდ ბოლო 5 დღის განმავლობაში ვარდნამ 25% შეადგინა. კარგი დღეები არც ბიტკოინის მთავარ კონკურენტს უდგას – ეთერიუმი უკვე 73%–ით გაუფასურდა.
კრიპტოვალუტის ბაზრის ვარდნას იმ ფაქტმა შეუწყო ხელი, რომ კომპანია Celsius–მა, რომელიც კრიპტოვალუტაში სესხების გამცემი ერთ–ერთი წამყვანი კომპანიაა, მეანაბრეების აქტივები გაყინა და ანგარიშებს შორის კრიპტოვალუტების გადარიცხვა აკრძალა.
დამატებითი დარტყმა გახდა კრიპტოვალუტებზე მომუშავე რამდენიმე კომპანიის (Coinbase Global Inc, Gemini и Blockfi,) განცხადება ათასობით თანამშრომლის შემცირების თაობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტორები სარისკო აქტივებს აქტიურად იშორებენ თავიდან.
ინვესტორებისთვის ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ უახლოეს მომავალში სიტუაციის გამოსწორებას არავინ ვარაუდობს.
რატომ ახლა?
ექსპერტების განმარტებით, საქმე არა მხოლოდ კრიპტოვალუტაში, არამედ მთლიანობაში მსოფლიოში არსებულ სიტუაციაშია. ხანგრძლივი პანდემიის და უკრაინაში ომის შემდეგ გლობალური ეკონომიკა ვარდნას განაგრძობს, იზრდება ინფლაცია, იზრდება საპროცენტო განაკვეთები, ეცემა ცხოვრების დონე.
შედეგად, მსხვილი ინვესტორები საკუთარ სახსრებს თავისუფლად ვეღარ განკარგავენ, უბრალო ინვესტორებს კი საერთოდაც დასაბანდებელი აღარაფერი აქვთ. და რომც ქონდეთ, არავინ გარისკავს ისეთ არაპროგნოზირებად აქტივში თანხის დააბნდებას, როგორიც არის კრიპტოვალუტა – ის არანაირად არის დაცული და ფინანსური ორგანოების მხრიდან არ რეგულირდება.
კრიპტოვალუტის ბაზარზე ცუდი გავლენა მაისში ორი ნაკლებად ცნობილი კრიპტოვალუტის – TerraUSD და Terra Luna–ს რადიკალურმა გაუფასურებამაც მოახდინა. ინვესტორებმა საკუთარი კრიპტოაქტივებისგან გათავისუფლება დაიწყეს. დომინოს ეფექტით, რაც უფრო სწრაფად იყიდებოდა კრიპტოვალუტა, მით უფრო იკლებდა მისი ფასი. ეს პროცესი შეეხო ბიტკოინსაც, რომელიც ტრადიციული აქტივებისგან განსხვავებით, როგორიც არის მაგალითად უძრავი ქონება ან აწყობილი ბიზნესი, არანაირი მატერიალური ფასეულობით არ არის გამყარებული.
ბოლო დღეებში კი მოვლენები სწრაფად განვითარდა:
- კრიპტოვალუტების უმსხვილესმა მსოფლიო ბირჟამ –Binance–მ რამდენიმე საათით აკრძალა ბიტკოინით ყველა ტრანზაქცია. ოფიციალურად ეს იმით ახსნეს, რომ ერთ–ერთი ტრანზაქცია გაიჭედა, თუმცა ეს ვერსია თითქმის არავინ დაიჯერა.
- იგივე გააკეთა კომპანია Celsius–მა, რომელიც სესხების კრიპტოვალუტაში გაცემაზეა სპეციალიზირებული, თუმცა მიზეზად არა ტექნიკური სირთულეები, არამედ ბაზარზე შექმნილი საგანგებო პირობები დაასახელა.
- და ბოლოს, კრიპტობირჟა Coinbase–მა განაცხადა, რომ სამსახურიდან ათავისუფლებს თანამშრომლების 18%–ს მის მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირების გამო.
ამ მოვლენებით გამოწვეულმა პანიკამ კრიპტოვალუტების კურსის შემდგომი ვარდნა გამოიწვია, რომელსაც უკვე შეიძლება ჩამოშლა ვუწოდოთ.
არის თუ არა იმედი?
თეორიულად – დიახ. მაგრამ ამისათვის მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუყიდია კრიპტოვალუტა, მისი გაყიდვა არ უნდა სცადონ, სხვა ინვესტორებმა ბიტკოინების შესყიდვა უნდა დაიწყონ. ასეთი რამ ადრე უკვე მომხდარა.
უფრო მეტიც, კრიპტოვალუტის ექსპერტები გეტყვიან, რომ შესაძლოა ახლა, დაცემის ყველაზე დაბალ წერტილში სწორედაც რომ ღირდეს ბიტკოინის ყიდვა, შემდეგ კი უბრალოდ დალოდება, როდის გამოსწორდება ვითარება და ისევ გაიზრდება ბიტკოინის ფასი.
თუმცა, ფინანსურ მრჩეველთა უმრავლესობა ინვესტორებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, შესაბამისად მხოლოდ ძალიან თამამი ინვესტორები თუ გაბედავენ ახლა ბიტკოინში თანხის დაბანდებას.