შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ბიძაშვილების მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია.
„ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს – 1984 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ღ.მ., მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.