ბლინკენის თქმით, რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩინეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ხვალ, 18 მარტს  პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მკაფიოდ განუცხადებს, რომ ჩინეთი პასუხისმგებელი იქნება რუსეთის მხარდამჭერ ნებისმიერ ქმედებაზე.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ ისინი განიხილავენ რუსეთის პირდაპირ დახმარებას სამხედრო აღჭურვილობით უკრაინაში გამოსაყენებლად. პრეზიდენტი ბაიდენი ხვალ გაესაუბრება პრეზიდენტ სი ძინპინს და მკაფიოდ განაცხადებს, რომ ჩინეთი პასუხისმგებელი იქნება რუსეთის აგრესიის მხარდამჭერ ნებისმიერ ქმედებაზე“, – განაცხადა ბლინკენმა.

“ჩვენ ისევ მოვუწოდებთ ყველა ერს, განსაკუთრებით მათ, ვისაც პირდაპირი გავლენა აქვს რუსეთზე, გამოიყენონ მათ ხელთარსებული ნებისმიერი ბერკეტი,  რათა აიძულონ მოსკოვი დაასრულოს თავად რუსეთის მიერ არჩეული ომი.  გვჯერა, რომ ჩინეთი პასუხისმგებელია, რომ გამოიყენოს თავისი გავლენა პრეზიდენტ პუტინზე და დაიცვას საერთაშორისო წესები და პრინციპები”. – თქვა ბლინკენმა.