ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტოვებს.ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ “ტვიტერით” გაავრცელა.
“ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ”–ნათქვამია განცხადებაში.
ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის გამო ბოდიში მოიხადა.
“ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო… გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ… მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა”,-განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში მაკედონიელთა თავდამსხმელმა გორან პანდევმა გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ივნისში გაიმართება.